ქართული სპორტის მუზეუმი



თურქეთის ქალაქ იზმიტში გაიმართა ევროპის მე-14 ჩემპიონატი კარატეში, სადაც წარმატებულად გამოვიდნენ საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების წევრები.

საქართველოს ნაკრებმა გუნდურ კუმიტეში მე-3 ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ქართველებმა ჯერ თურქეთის მე-2 გუნდი დაამარცხეს, შემდეგ კი ესპანეთისა და სერბეთის გუნდებს სძლიეს.

ევროპირველობაზე ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდნენ - გოგიტა არქანია, ჰენრი ვეკუა, დავით პატარიძე, ირაკლი ტყებუჩავა და დავით ტყებუჩავა. საქართველოს დელეგაციას იზმიტში, კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია ხელმძღვანელობდა.

თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ნაკრების წევრებს და ფედერაციის ხელმძღვანელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე სპორტის მუზეუმში შეხვდა, წარმატება მიულოცა და კარატეს როგორც ოლიმპიური სპორტის სახეობის პერსპექტივაზე ისაუბრა.

ბოლო პერიოდში, სულ უფრო რეალური გახდა კარატეს 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დაშვება. საბოლოო გადაწყვეტილებას კარატეს და ასევე სპორტის რამდენიმე სახეობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.

კარატისტებმა სპორტის მუზეუმს მოპოვებული ჯილდოები გადასცეს. აღსანიშნავია რომ იზმიტში საერთაშორისო ლიცენზია მოიპოვა თათია მელუამ, რომელიც პირველი ქართველი ქალი მსაჯია კარატეში, ასევე აპრილის თვეში სპორტის სამინისტრომ სპორტის დამსახურებული მუშაკის ტიტული მიანიჭა თემურ რამიშვილს.

სრულად ნახვა