ქართული სპორტის მუზეუმი

ქართული სპორტის მუზეუმის ისტორია

საქართველოს სსრ სპორტულ საზოგადოებასთან და ორგანიზაციების კავშირის საბჭოს ბიუროს №15 დადგენილების საფუძველზე 1964 წლის 6 აგვისტოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის მუზეუმის საბჭოს შემადგენლობა შეიქმნა. მისი წევრები იყვნენ: მ. გორგაძე, გ. მღებრიშვილი, ვ. სამსონაძე, გ. მერკვილაძე, ლ. გოლოვნია, ი. კიზირია, ვ. ვერულაშვილი, ა. ციბაძე, ნ. შიშნიაშვილი, ნ. პაშიკოვი. მუზეუმის დროებითი დებულება და საბჭოს სამუშაო გეგმა საქართველოს სსრ სპორტულ საზოგადოებათა და ორგანიზაციების კავშირის საბჭოს თავჯდომარის გ. სიხარულიძის მიერ დამტკიცდა.

მუზეუმის დაარსების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის მის ერთ-ერთ დამაარსებელსა და დირექტორს საქართველოს სსრ ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს პროფესორ მიხეილ გორგაძეს, რომელმაც ახალგაზრდა თანამშრომლებთან ლილი ლომსაძესთან და მოგვიანებით აზა მოგელაძესთან ერთად მრავალ საინტერესო და ფასდაუდებელ ექსპონატს მოუყარა თავი. მუზეუმმა რესპუბლიკაში ფიზკულტურისა და სპორტის პროპაგანდის საქმეში, მისი ისტორიის დადგენასა და შესწავლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. აღსანიშნავია, რომ მუზეუმი დაარსებიდან საზოგადოებრივ საწყისებზე არსებობს. სპორტის ვეტერანებმა და მუშაკებმა მუზეუმს არაერთი ექსპონატი და ისტორიული მასალა გადასცეს.

1965 წლის 14 აგვისტოს მუზეუმი თბილისში, კონსტიტუციის ქუჩაზე, საქართველოს ფიზკულტურის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან გაიხსნა. მუზეუმში არსებული ექსპონატები საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის საბჭოთა პერიოდს ასახავდა.

1977 წლის ბოლოს საქართველოს სპორტკავშირის თავმჯდომარის დ. პერტენავას გადაწყვეტილებით და სპორტის სასახლის დირექტორის გ. შიოშვილის ხელშეწყობით სპორტული მუზეუმი კონსტიტუციის ქუჩიდან სპორტის სასახლეში იქნა გადმოტანილი, რათა სპორტული დიდების მუზეუმი თვალსაჩინო ადგილას ყოფილიყო. მუზეუმს ერთი დარბაზი და ფოიე დაეთმო.

1985 წლის 6 მარტს მუზეუმი საქართველოს სპორტკავშირის თავმჯდომარემ, რამაზ გოგლიძემ საზეიმო ვითარებაში გახსნა. მუზეუმს ახალი მასალების შეგროვებაში დიდი დახმარება გაუწია კომკავშირის მუზეუმის დირექტორმა ამირან თავართქილაძემ. 1985 წლის 22 მარტს №27 ბრძანებით მუზეუმი სპორტის სასახლეს დაექვემდებარა.

1991 წლიდან საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის არევამ მუზეუმის მუშაობაზე დიდი გავლენა იქონია. მუზეუმის თანამშრომლებმა დაუღალავი შრომითა და საქმისადმი დიდი ერთგულებით არსებული ქონების გადარჩენა მოახერხეს.

სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი მეძმარაშვილის ინიციატივით, დაისვა საკითხი მუზეუმისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭების შესახებ. შესანახი ხარჯები სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტმა ივალდებულა, ხოლო მუზეუმი საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაში განთავსდა. ბრძანებულება 2002 წლის აპრილში საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დაადასტურა.

2005 წლის ნოემბერიდან, სპორტის სასახლის გაყიდვის გამო, მუზეუმი საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაშია განთავსებული. 2006 წლის 21 ივნისს კი „ქართული სპორტის მუზეუმი“ ოფიციალურად გაიხსნა.

აქ დაცულია 6 ათასამდე უნიკალური ექსპონატი - თასები, მედლები, ფოტოები, ალბომები, აფიშები, ქართული სპორტის ისტორიის ამსახველი დოკუმენტები. სპორტსმენთა განვლილი გზა, მათი წარმატებები უაღრესად კარგი სტიმულის მიმცემია მომავალი თაობისათვის.

მუზეუმს მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურება ფონდის მცველი ლილი ლომსაძე.