ქართული სპორტის მუზეუმი



სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ქართული სპორტის მუზეუმის მიერ გამოცემული წიგნის - „დიდი გამარჯვების 55 წლის იუბილე" - პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი თბილისის დინამოს კალათბურთელთა უდიდეს გამარჯვებაზე, 1962 წლის 29 ივნისს მოგებულ ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასზე, მასთან დაკავშირებულ ამბებზე მოგვითხრობს.

55 წლის წინ დინამოელებმა მთავარი საკალათბურთო ევროტურნირის ფინალში მადრიდის რეალს 90:83 სძლიეს. გადამწყვეტი შეხვედრა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა. 48-გვერდიან წიგნში თავმოყრილია ჩემპიონთა თასის მოგებასთან დაკავშირებით ქართულ სპორტულ პრესაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული წერილები, ასევე ის იშვიათი ფოტომასალა, რომელიც 55 წლის წინანდელ ფინალს ეხება.

ღონისძიებას დინამო 1962-ის ერთ-ერთი წევრი ამირან სხიერელი (იმ შემადგენლობიდან ჩვენ შორის მხოლოდ ის და ლევან მოსეშვილი არიან), სხვადასხვა თაობის ვეტერანი კალათბურთელები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილეები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, საკალათბურთო კლუბ თბილისის დინამოს პრეზიდენტი ვახტანგ ნაცვლიშვილი და მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია, ასევე გულშემატკივრები დაესწრნენ.

„ბოლო ხანებში ძალიან განებივრებულნი ვართ კარგი გამოცემებით... ქართული სპორტის მუზეუმმა მშვენიერი წიგნი მიუძღვნა თბილისის დინამოს უდიდეს გამარჯვებას და მინდა მადლობა გადავუხადო მუზეუმს, მის ხელმძღვანელებს ასეთი კარგი საჩუქრისთვის. რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა ჩვენს ძვირფას კალათბურთელებს - ჩემპიონთა თასის მოგებით ისინი ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერნენ. სიმბოლურია, რომ ჩვენი კალათბურთის სულ ბოლო გამარჯვება, ჩვენი ეროვნული ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას ჩემპიონობას ვგულისხმობ, დინამოელთა დიდებული ტრიუმფის 55 წლის იუბილეს დაემთხვა. ჩვენი ახალგაზრდა კალათბურთელების შემხედვარე, მჯერა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ნაკრები არაერთი დასამახსოვრებელი წარმატებით გაგვახარებს"! - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

თბილისის დინამოს პრეზიდენტმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა მინისტრს 1962 წლის 29 ივნისის ფინალური მატჩის ოქმი გადასცა, რომელიც ტარიელ ხეჩიკაშვილმა, თავის მხრივ, ქართული სპორტის მუზეუმს უსახსოვრა.

„ქართული სპორტის მუზეუმი ცდილობს გულშემატკივარს ყველა გამორჩეული თარიღი შეახსენოს და ეს წიგნიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. 1962 წლის 29 ივნისს დინამოელებმა უდიდესი გამარჯვება იზეიმეს და მიუხედავად იმისა, რომ იმ ტრიუმფის შესახებ ცოტა მასალა მოგვეპოვება, ვეცადეთ და მგონი, კარგი წიგნიც გამოვეცით. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას ყველა ჩვენი კარგი წამოწყების მხარდაჭერისთვის, ასევე ამ წიგნის ავტორს ლაშა გოდუაძეს, რომელთან ერთად რამდენიმე კარგი პროექტი განვახორციელეთ. და დიდი მადლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიო-რადიო ფონდს იმ სიურპრიზისთვის, რასაც 55 წლის წინანდელი რადიოჩანაწერის აღმოჩენა ჰქვია", - განაცხადა ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორმა ნანა მიქაძემ.

იმ ფინალიდან მხოლოდ სამი ფოტოა შემონახული. საგულისხმოა, რომ ისინი, ასევე ფინალის ოქმი, ქართველმა მწერალმა დათო ტურაშვილმა ესპანელი მეგობრების დახმარებით მოიპოვა ერთ-ერთ მადრიდულ არქივში. წიგნს ასევე თან ერთვის აუდიოდისკი, რომელზეც ჩაწერილია საქართველოს რადიოს მიერ 55 წლის წინ განხორციელებული რადიოჩართვა ჟენევიდან. ფინალის პერიპეტიებზე თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელი ოთარ ქორქია, გუნდის კაპიტანი გურამ მინაშვილი და ალექსანდრე კილაძე საუბრობენ, ასევე გასული საუკუნის პოპულარული საბჭოთა კომენტატორი ნიკოლაი ოზეროვი, რომელიც მატჩის რეპორტაჟს უძღვებოდა.

წიგნის შემდგენელია სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე. „დიდი გამარჯვების 55 წლის იუბილე" მისი და ქართული სპორტის მუზეუმის ერთობლივი მესამე გამოცემაა: 2015 წელს, მუზეუმის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით კატალოგი დაიბეჭდა, შარშან კი სპეციალური წიგნით აღინიშნა თასების მფლობელთა თასის მოგების 35 წლის იუბილე.

სრულად ნახვა



22 ივნისს, ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ ნბა-სა და ევროპის კალათბურთის ოპერირების მთავარი დირექტორი ნილ მეიერი, "ჟუნიორ ნბა"-ს წარმომადგენლები და სკალათბურთო სუპერლიგის დირექტორი გიორგი ზაბახიძე.
მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ნივთები: თასები, მედლები, ჯილდოები, და სხვა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძესთან ერთად, ნბა-სა და ევროპის კალათბურთის ოპერირების მთავარ დირექტორს ნილ მეიერს და "ჟუნიორ ნბა"-ს წარმომადგენლებს შორის შედგა შეხვედრა.შეხვედრას სკალათბურთო სუპერლიგის დირექტორი გიორგი ზაბახიძე და ასევე მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მხარეებს შორის შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა JR.NBA - GBF ლიგა" გახლდათ, რომელიც საქართველოში უკვე მეორედ ტარდება.

შეხვედრაზე შეჯამდა აღნიშნული ღონისძიების 2 სეზონი, რომელიც საქართველოში კალათბურთს კიდევ უფრო მასობრივსა და პოპულარულს ხდის. ტურნირში ქვეყნის მასშტაბით წელს უკვე 1000-მდე მოზარდია ჩართული.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: "ჩვენს ამერიკელ სტუმრებთან ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გავმართეთ. მოხარულები ვართ, რომ JR.NBA-ს ლიგა სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოში და ამ პროექტში, ჯამში უკვე 1000-ზე მეტი ბავშვია ჩართული. ჩვენი საერთო თანამშრომლობა იმდენად წარმატებულია, რომ სამომავლოდ დაგეგმილი გვაქავს პროექტი კიდევ უფრო მასობრივი გავხადოთ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონი მოვიცვათ.

თანამშრომლობის ერთ-ერთი შემდეგი ეტაპი ნბა-ს აკადემიის ჩამოყალიბება იქნება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში კიდევ უფრი წარმატებული და ნიჭიერი ახალგაზრდების განვითარებას. ამ თაობის ახალგაზრდებს კი უკვე ნამდვილად მიეცემათ შესაძლობელობა ზაზა ფაჩულიას დონის წარმატებულ სპორტსმენებად ჩამოყალიბდნენ."

JR.NBA -GBF ლიგის" ფინალი 27 ივნისს გაიმართება. ფინალურ ეტაპზე JR.NBA ლიგის ხელმძღვანელობამ უზრუნველყო 450 ბავშვისთვის ნბა-ის გუნდების მაისურები და ბურთები, საქართველოს მასშტაბით პირველად გაკეთდა კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად ვებ-გვერდი www. jrnbaleague.ge 2005-2006-2007 წელს დაბადებული ბავშვებისთვის, სადაც მომხმარებელს ჩემპიონატის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება შეუძლია.

ლიგის ფინალზე საქართველოში ჩამოდიან ნბა-ს მოთამაშეები, აგრეთვე საქართველოში პირველად წარსდგებიან შოუ-ბატუტის ცნობილი შემსრულებლები.

„JR.NBA - GBF ლიგის" მხარდამჭერები არიან კალათბურთის რეგიონალური ფედერაციები და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

სრულად ნახვა



16 ივნის , ქართულის სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ სკოლა "ჰამილტონი"-ის V-VI კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგები: მაკა მაისაია,შორენა პაპიასვილი,გიორგი ლომსაძე და ლევან სახეჩიძე.

მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები,მედლები და თასები.

სრულად ნახვა



სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა უშუს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდის წევრები დღეს ქართული სპორტის მუზეუმში მიიღო.

უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ვერულიძემ ქართული სპორტის მუზეუმს ევროპის ჩემპიონატისათვის დამზადებული მედლები და სხვა სამახსოვრო პრიზები უსახსოვრა, ხოლო ტარიელ ხეჩიკაშვილს ევროპის უშუ-კუნგფუს ფედერაციის პრეზიდენტის რეიმონ სმიტის სამადლობელი წერილი გადასცა, სადაც ნათქვამია:

„ძვირფასო მინისტრო, ევროპის უშუ-კუნგფუს ფედერაციის ხელმძღვანელებისთვის ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატის დროს. ჩვენი ფედერაცია მადლობას გიხდით საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციისა და მისი პრეზიდენტის გიორგი ვერულიძის მიმართ გაწეული მხარდაჭერისთვის. ასევე მსურს მოგილოცოთ საქართველოს გუნდის დიდი წარმატება: თქვენი გუნდიდან ევროპის ჩემპიონატში 37 სპორტსმენი მონაწილეობდა, რომლებმაც 8 ოქროს, 3 ვერცხლის და 20 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ღონისძიებამ, ქართველი ხალხის მასპინძლობამ და ღონისძიების ორგანიზატორებმა მონაწილე გუნდების მხრიდან ბევრი კომპლიმენტი დაიმსახურეს".

„პირველ რიგში ვულოცავ საქართველოს უშუს ნაკრებს ამ დიდ წარმატებას - ევროპის ჩემპიონატზე ოცდაათზე მეტი მედლის მოგება ნამდვილად არაა სახუმარო ამბავი. ასევე მსურს უშუს ეროვნულ ფედერაციას მივულოცო ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარება და მომავალში კიდევ არაერთი საერთაშორისო შეჯიბრების მიღება ვუსურვო. დღეს უშუს ფედერაციის ხელმძღვანელმა ბატონმა გიორგიმ ქართული სპორტის მუზეუმს მედლები და სამახსოვრო პრიზები გადასცა. მიხარია, რომ ჩვენს მუზეუმში ბოლო დროს სულ უფრო მეტი პრიზი თუ ჯილდო იყრის თავს. აშკარაა, რომ უახლოეს მომავალში ქართული სპორტის მუზეუმის გაფართოება მოგვიწევს, რის გამოც, ცხადია, მოხარულები ვართ", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებაში დაგვეხმარა, პირველ რიგში კი, ცხადია, ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს, რომლის სახელზეც ევროპის ფედერაციიდან სამადლობელი წერილი მივიღეთ. ამ ტურნირის მასპინძლობა ჩვენთვის ერთგვარ გამოწვევად იქცა და დარწმუნებული ვარ გაისად, როცა კიდევ ერთ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებას ვუმასპინძლებთ, გამოხმაურება უფრო დიდი იქნება. რაც შეეხება ამ პრიზებს, ვფიქრობ ამ მედლების და ჯილდოების ადგილი სწორედ ქართული სპორტის მუზეუმშია", - განაცხადა საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ვერულიძემ.

ევროპის მე-2 ჩემპიონატი ვინჩუნში და მე-4 ჩემპიონატი კუნგფუში (ტრადიციული უშუ) თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში 11-21 მაისს გაიმართა. კონტინენტის პირველობაზე 28 ქვეყნის 758-მა სპორტსნმა იასპარეზა.

საქართველოს ნაკრებმა ჯამში 8 ოქროს, 3 ვერცხლის და 20 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ვინჩუნში, უფროსებს შორის მედლებს დაეუფლნენ: თორნიკე ნანიკაშვილი (ოქრო და ბრინჯაო), ზაზა ზაზარაშვილი (ოქრო), ავთანდილ კაკულია (ოქრო), ლიკა წულუკიძე (ოქრო), ნიკა სანაია (2 ბრინჯაოს მედალი).

ტრადიციულ უშუში, ახალგაზრდებს შორის მედალოსნები გახდნენ: ელენე მახარაძე (ოქრო და ბრინჯაო), რაულ მამედოვი (ვერცხლი), მარიამ თურმანიძე (2 ბრინჯაო), ლუკა ხუტიაშვილი (ბრინჯაო), გიორგი გერმანოზაშვილი (ოქრო), ალექსანდრე კუჭავა (ბრინჯაო), ნიკოლოზ გლახოშვილი (ბრინჯაო), მარიამ მეცხვარიშვილი (ოქრო), პეტრე წიკლაური (ბრინჯაო), სერგი დოღონაძე (ვერცხლი), კონსტანტინე ბერძენიშვილი (ბრინჯაო), თეკლა კობახიძე (ბრინჯაო), ლუკა ბალანჩივაძე (ბრინჯაო), ამირან ადამაძე (ოქრო).

უფროსებს შორის წარმატებას მიაღწიეს: ნინო ჩიხლაძემ (ბრინჯაო), დავით გულისაშვილმა (ვერცხლი), მაკა გაბესკირიამ (ბრინჯაო), მანუჩარ კვაშილავამ (ბრინჯაო), ბიძინა ონოფრიშვილმა (ბრინჯაო), ლევან გასვიანი (ბრინჯაო), ლუკა მასხულია (ბრინჯაო), გიორგი ბანცური (ბრინჯაო).

ჩემპიონატის დღეებში, ევროპის უშუ-კუნგფუს ფედერაციის კონგრესის გადაწყვეტილებით, საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ვერულიძე ევროპის უშუ-კუნგ ფუს ფედერაციის გამგეობის წევრად აირჩიეს.

სრულად ნახვა



8 ივნის , ქართულის სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ სკოლა ლიცეუმი "სხივი"- ის I კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგები: ნანა ბეჟანიშვილი და ქეთევან გრიგალაშვილი.

მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები,მედლები და თასები.

მუზეუმის მესვეურებმა ბავშვებს მოუწყეს შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან ბ-ნ ტარიელ ხეჩიკაშვილთან და გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

სრულად ნახვა



2 ივნის , ქართულის სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ სკოლა ლიცეუმი "სხივი"- ის VII- X კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგები:ოლგა ერემენკო და ხათუნა აიაზოვა.
მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები,მედლები და თასები.
მუზეუმის მესვეურებმა ბავშვებს მოუწყეს შეხვედრა სპორტის მინისტრთან და მინისტრის მოადგილესთან.
ასევე შეხვდნენ სუმოს პრეზიდენტს და გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

სრულად ნახვა



27 მაისს, ქართული სპორტის მუზეუმი შეუერთდება საქართველოს მუზეუმების ერთობლივ აქციას „ღამე მუზეუმში“.

სტუმრებმა დაათვალიერეს მუზეუმში დაცული ექსპონატები, გაეცნენ სპორტის ისტორიას და ნახეს ქართულ სპორტზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

სრულად ნახვა



27 მაისს, 16:30 საათიდან 19:30 საათამდე ქართული სპორტის მუზეუმი შეუერთდება საქართველოს მუზეუმების ერთობლივ აქციას „ღამე მუზეუმში“ და გულშემატკივრებს უმასპინძლებს.
ქართული სპორტის მუზეუმის სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ მუზეუმში დაცული ექსპონატები, ასევე ხსენებული დროის განმავლობაში ნახონ ქართულ სპორტზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

სრულად ნახვა



22 მაისს , ქართულის სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ 155-ე საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეები, მათი მშობლებით და კლასის დამრიგებელი დიანა გოგუა ლობჟანიძე. მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები,მედლები და თასები.

სრულად ნახვა



19 მაისს , ქართულის სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ სკოლა ლიცეუმი "სხივი"- ის VI- VII კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგები:ია მამულაშვილი და ხათუნა აიაზოვა. მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები,მედლები და თასები. მუზეუმის მესვეურებმა ბავშვებს მოუწყეს შეხვედრა ჯომარდობის პრეზიდენტ დავით ქაცარავასთან..მან გაუზიარა მოსწავლეებს მისი სპორტული ცხოვრება,თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული სპორტსმენი. მოსწავლეებმა მიიღეს ბ-ნ დავითისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები.ვფიქრობთ,რომ დღევანდელი დღე მათთვის სპორტული ცხოვრების წესის გაუმჯობესების სტიმული იქნება.

სრულად ნახვა


Назад Вперед
Наверх