ქართული სპორტის მუზეუმი



დღეს, ქართული სპორტის მუზეუმში ესტუმრნენ 207-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგები.
მუზეუმის მესვეურებმა და სკოლის პედაგოგებმა მოუწყვეს ბავშვებს მოჭადრაკე ნანა იოსელიანთან შეხვედრა,ქ-ნ ნანამ გაუზიარა ბავშვებს სპორტული ცხოვრება,თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული მოჭადრაკე.მოსწავლეებმა მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები და ვფიქრობ,რომ დღევანდელი დღე მათთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება.
მერიის პროექტის ინტელექტუალური სკოლის პროექტის ფარგლებში სპორტის პედაგოგ მზევინარ თავდგირიძის და კლასის დამრიგებელ ლია რატიანის თაოსნობით მოსწავლეებმა ნანა იოსელიანს მიულოცეს 55 წლის იუბილე და თავიანთი ხელნაკეთი საჩუქრები გადასცეს.

სრულად ნახვა



დღეს საქართველომ ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვების, თბილისის „დინამოს" მიერ უეფას თასების მფლობელთა თასის მოგების 35 წლის იუბილე იზეიმა!

ღონისძიებას, რომელიც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ქართული სპორტის მუზეუმის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის" და დედაქალაქის მერიის მიერ იყო ორგანიზებული, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზმა უმასპინძლა. საკრებულოში ვეტერან დინამოელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებმა, გულშემატკივრებმა და ქართული სპორტის ვარსკვლავებმა უმასპინძლეს. ქართული სპორტის მუზეუმის ინიციატივით საკრებულოში „დინამოს" დიდი გამარჯვების ამსახველი ფოტოგამოფენაც მოეწყო.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა: „1981 წლის 13 მაისს ჩვენმა ფეხბურთმა ყველაზე დიდი და ლამაზი გამარჯვება იზეიმა - უეფას თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამომ" იენის „კარლ ცაისი" 2:1 დაამარცხა და პრესტიჟული ევროთასი აღმართა! გუნდი, რომელიც ფაქტიურად საქართველოს ნაკრები იყო, ძალიან ძლიერი გახლდათ და ეს მხოლოდ ქართული ფეხბურთის ქომაგთა აზრი არაა. დიუსელდორფში მოპოვებული გამარჯვების შესაფასებლად საკმაო დრო გავიდა. 1981 წლის 13 მაისი ოქროს ასოებითაა შესული ქართული სპორტის ისტორიაში და დარწმუნებული ვარ, ამ თარიღს ჩვენი სპორტის მოყვარულები ყოველთვის დიდი სიამაყით გაიხსენებენ. სასიამოვნოა, რომ ამ დიდ იუბილეს ქართული სპორტის მუზეუმმა შესანიშნავი წიგნი უძღვნა, რაც კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ გამარჯვებას დავიწყება არ უწერია. ვულოცავ ამ თარიღს ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს, გულშემატკივრებს და ყველას, ვისაც ქართული ფეხბურთი უყვარს!"
1981 წლის „დინამოს" კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ თქვა: „მიხარია, რომ ჩვენ, ვეტერანები ფეხბურთელები თქვენგან, გულშემატკივრებისგან ასეთ დიდი პატივისცემას და სიყვარულს ვგრძნობთ. მსურს ამ იუბილეს ყველა ორგანიზატორს ჩემი და დინამოელების სახელით უღრმესი მადლობა გადავუხადო: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ქართული სპორტის მუზეუმს, თბილისის „დინამოს", დედაქალაქის მერიას, საკრებულოს... ყველამ დიდი წვლილი შეიტანა ამ ღონისძიებაში და ჩვენ მადლობის მეტრი არაფერი გვეთქმის. დიდი მადლობა ასეთი სიყვარულისთვის"!

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა საიუბილეო საღამოს ორგანიზატორებისგან უამრავი საჩუქარი მიიღეს. ფეხბურთელები კომპანია „სოკარმაც" დააჯილდოვა.

ქართული სპორტის მუზეუმის თანამშრომელმა ქეთევან შარაბიძემ „დინამო, დინამოს" ლეგენდარული სიმღერის ავტორს ვაჟა აზარაშვილი სპეციალური პრიზი გადასცა.
35 წლის საიუბილეო საღამომდე ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე" თასების მფლობელთა თასის მომგები „დინამოს" შემადგენლობის უკვდავსაყოფად მემორიალური დაფა გაიხსნა. მოგვიანებით ვეტერან ფეხბურთელებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ უმასპინძლა, რომელმაც დინამოელები დალოცა და წმინდა თამარ მეფის დღის აღსანიშნავად ხატით დააჯილდოვა.

საღამოს ღონისძიებამდე „დინამოს" 1981 წლის შემადგენლობის ორ წევრს - ოთარ გაბელიას და ვლადიმერ გუცაევს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში განთავსებულმა ქართული სპორტის მუზეუმმა უმასპინძლა, სადაც სპეციალურად ამ იუბილესადმი მიძღვნილი წიგნის - „13 მაისის 35 წლის იუბილე 1981-2016" - პრეზენტაცია გაიმართა.

„ჩვენთვის, ვეტერანი ფეხბურთელებისთვის სასიხარულოა, რომ ახალი თაობა კვლავ აღნიშნავს იმ დიდი გამარჯვების იუბილეს, 35 წლის წინ რომ მოვიპოვეთ დიუსელდორფში. მიხარია, რომ ქართული სპორტის მუზეუმმა ასეთი ლამაზი გამოცემა მიუძღვნა „დინამოს" იმ გამარჯვებას. მსურს ყველას დიდი მადლობა გადავუხადო 35 წლის იუბილეს ასე ლამაზად აღნიშვნისთვის", - განაცხადა 1981 წლის 13 მაისს ფინალურ მატჩში დინამოელთა პირველი გოლის ავტორმა ვლადიმერ გუცაევმა.

„1981 წლის 13 მაისის შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ტრიუმფი მაინც ტკბილად მაგონდება. 35 წელი გავიდა და ახლა უფრო ვხვდები, თუ რა მნიშვნელოვანი გამარჯვება ვიზეიმეთ მაშინ დიუსელდორფში! ქართული სპორტის მუზეუმმა მშვენიერი გამოცემით გაგვახარა და წიგნის ავტორებისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენს იუბილეს აღნიშნავს: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ქართული სპორტის მუზეუმს, თბილისის მერიას და საკრებულოს, „დინამო თბილისს", - განაცხადა „დინამოს" ვეტერანმა მეკარემ ოთარ გაბელიამ.

სრულად ნახვა



20 ოქტომბერს, ქართული სპორტის მუზეუმის 50 წლის
იუბილე პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საზეიმო მიღებით აღინიშნა.
ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილეები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები, პარლამენტარები, ქართული სპორტის ვეტერანები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

„ვულოცავ ქართული სპორტის მუზეუმს ამ დიდ იუბილეს! ეს მუზეუმი ჩვენი სპორტის სახლია და მიხარია, რომ ასეთ ლამაზ თარიღს ამგვარად აღვნიშნავთ. მუზეუმის მესვეურებს დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი სპორტის პოპულარიზაციაში და მისასალმებელია, რომ მათ ინიციატივას ახალგაზრდა თაობა ენთუზიაზმით ხვდება. მსურს ეს იუბილე ასევე მივულოცო ჩვენს ვეტერან სპორტსმენებს, ქართული სპორტის ვარსკვლავებს და გულშემატკივრებს", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„დღეს ჩვენი მუზეუმის 50 წლის იუბილეს ვზეიმობთ, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქართული მუზეუმის გამორჩეულ თარიღს! მსურს უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენთან მობრძანებისთვის! საქართველოს ისტორიაში სპორტს გამორჩეული ადგილი უჭირავს და ჩვენ, მუზეუმის მესვეურები, ვამაყობთ, რომ ქართული სპორტის წარსული სხვადასხვა ექსპონატის სახით მაქსიმალურად კარგადაა წარმოდგენილი. ჩვენი მუზეუმი ვიზიტორთა მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია საქართველოში - ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ადამიანი გვსტუმრობს. მინდა მადლობა გადავუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრს, ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ არაერთი კარგი პროექტი განვახორციელეთ და დარწმუნებული ვარ, ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის - ჩვენი მუზეუმის კარი ქართული სპორტის ლეგენდებისთვის და გულშემატკივრებისთვის ყოველთვის ღიაა!" - განაცხადა მუზეუმის დირექტორმა ნანა მიქაძემ.

ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ნანა მიქაძემ სპეციალური დიპლომით დააჯილდოვეს ლილი ლომსაძე, მთავარი მცველი - ის მუზეუმში დაარსების დღიდან, 1965 წლიდან მოღვაწეობს. ქალბატონმა ლილიმ განაცხადა: „დღევანდელი დღე ჩემთვის დაუვიწყარია - აქ ცხოვრების უდიდესი ნაწილი გავატარე და მიხარია, რომ მუზეუმის დაარსების, განვითარების და დახვეწის თვითმხილველი გახლავართ. ყველას უღრმეს მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და თანადგომისთვის".

„ჩვენთვის, სპორტსმენებისთვის, ქართული სპორტის მუზეუმის 50 წლის იუბილეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მუზეუმში ჩემი არაერთი ჯილდოა გამოფენილი და ამით მხოლოდ ვამაყობ. მსურს მთელი სულით და გულით მივულოცო მუზეუმის მესვეურებს 50 წლის იუბილე, წარმატება, ზრდა და ულევი დამთვალიერებელი ვუსურვო", - განაცხადა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა.

იუბილეს ფარგლებში მუზეუმის მესვეურებმა სამახსოვრო პრიზებით დააჯილდოვეს სხვადასხვა საშუალო სკოლის მასწავლებლები, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის აღსაზრდელებმა კი სტუმრებს მუზეუმის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლი წარუდგინეს.

50 წლის იუბილეს აღსანიშნავად, კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ მუზეუმს ავტოგრაფებით დამშვენებული ეროვნული გუნდის მაისური უსახსოვრა, ჭიდაობის ფედერაციისგან კი მუზეუმმა ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების აივენგო რიკაძისა და ნიკოლოზ კახელაშვილის ოქროს მედლები და ქამრები მიიღო. ასევე მუზეუმში გამოიფინება თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოქროს მედალი და ქამარი. ამას გარდა, მუზეუმმა სხვადასხვა თასები და მედლები მიიღო შაიბიანი ჰოკეის ფედერაციისგან და მოჭადრაკეებისგან.

ტარიელ ხეჩიკაშვილის გადაწყვეტილებით, მუზეუმს გადაეცა სპორტის რაინდის წოდების დამადასტურებელი მედალი და დიპლომი, რომელიც მსოფლიო ველომოგზაურს ჯუმბერ ლეჟავას გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა.

დღევანდელი იუბილეს ფარგლებში შედგა ქართული სპორტის მუზეუმის შესახებ გამოცემული ჟურნალის პრეზენტაცია - „ქართული სპორტის მუზეუმი - 50", რომელიც სტუმრებს სამახსოვროდ დაურიგდათ.

ქართული სპორტის მუზეუმი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაშია განთავსებული, 1965 წლის 14 აგვისტოს თბილისში, კონსტიტუციის ქუჩაზე, ფიზკულტურის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან დაფუძნდა. განვლილი წლების განმავლობაში მუზეუმმა არაერთი მისამართი შეიცვალა, 2007 წლიდან კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაში მდებარეობს.

მუზეუმის დაფუძნებასა და ექსპონატების შეგროვებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მ.გიორგაძემ, გ.მღებრიშვილმა, ვ.სამსონაძემ, გ.მერკვილაძემ, ლ.გოლოვნიამ, ი.კიზირიამ, ვ.ვერულეიშვილმა, რ.ნიკოლაძემ, ა.ციბაძემ, ნ.შიშნიაშვილმა, ნ.დუმბაძემ, ნ.პაშიკოვმა, გ.სიხარულიძემ ა.მოგელაძემ, ნ.კეცხოველმა, გ.ფანჯიკიძემ, შ.ქველიაშვილმა, გ.შიოშვილმა, ვ.შუბლაძემ, რ.გოგლიძემ, ი.მეძმარიაშვილმა, ნ.რურუამ, ტ.ხეჩიკაშვილმა, ლ.ყიფიანმა...

ქართული სპორტის მუზეუმში არაერთი საინტერესო და ძვირფასი ექსპონატია დაცული. მაგალითად, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის დავით ციმაკურიძის ოქროს მედალი; ქართული ფეხბურთის პირველი საერთაშორისო ტრიუმფის დამადასტურებელი, თბილისის დინამოელების მიერ 1973 წელს ესპანეთში მოგებული „კოლუმბის კარაველა"; 1677 წელს გამოცემული ფასდაუდებელი ნაშრომი ფარიკაობაზე; ლეგენდარული ქართველი მძლეოსნის ნინო დუმბაძის ბადრო; ქართული სპორტის გამორჩეული ნოვატორისა და მოღვაწის გიორგი ნიკოლაძის პირადი ნივთები; სპორტსმენთა არქივები, სპორტის ისტორიის ამსახველი დოკუმენტები

სრულად ნახვა



დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მდებარე ქართული სპორტის მუზეუმში ვეტერანი სპორტსმენებისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. ღონისძიება მუზეუმის 50 წლის იუბილეს ფარგლებში შედგა.

„ქართული სპორტის მუზეუმი წლეულს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ვცდილობთ არ გამოგვრჩეს მნიშვნელოვანი თარიღები და ჯეროვანი ყურადღება დავუთმოთ ყველა ღირსახსოვარ მოვლენას. ეს შეკრებაც ამ მისიას ეხმიანება. წლეულს არაერთი გამორჩეული სპორტსმენისა და მოღვაწის იუბილეა: 130 წელი სრულდება გიორგი ეგნატაშვილის დაბადებიდან, 90 წელი შეუსრულდებოდა ლეგენდარულ ქართველ მსახიობსა და კომენტატორს ეროსი მანჯგალაძეს, 100 წელი გაიოზ ჯეჯელავას, ასევე ვიზეიმებდით ზურაბ საკანდელიძის, ავთანდილ ქორიძის, თეიმურაზ სტეფანიას, თამაზ ანთაძის, ალექსანდრე ფიოდოროვის და კიდევ არაერთი სპორტსმენის და მოღვაწის იუბილეს, თუმცა სამწუხაროდ, ისინი ჩვენს შორის აღარ არიან. ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და გპირდებით, რომ მუზეუმში ასეთი შეხვედრები და მიღებები კვლავ გაიმართება", - განაცხადა ქართული სპორტის მუზეუმის ხელმძღვანელმა ნანა მიქაძემ.

„ვისაც არ ახსოვს წარსული, მას არც აწმყო აქვს და ვერც მომავალი ექნება. მოხარული ვარ, რომ ქართული სპორტის მუზეუმმა ასეთ სასიამოვნო მიღებას უმასპინძლა, რომელიც უნდა ითქვას, რომ პირველი არაა. ასეთი ადამიანების, ჩვენი სპორტის გმირების დაფასება ყოველთვის უნდა ხდებოდეს და ვიმედოვნებ, მსგავსი შეხვედრები ტრადიციად იქცევა", - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე ნუგზარ კევლიშვილი.

„იცით, ვუყურებ ამ ფოტოებს, ვიხსენებ ამ მართლა ძალიან მაგარ ბიჭებსა და კაცებს და გული მწყდება, რომ ისინი დღეს ჩვენს გვერდით აღარ არიან. დიდი მადლობა ქართული სპორტის მუზეუმს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ამ ლამაზი მიღებისთვის", - განაცხადა ვეტერანმა მოჭიდავემ, მსოფლიოს ჩემპიონმა გურამ საღარაძემ.

მიღებას გარდაცვლილი სპორტსმენების ოჯახის წევრები, ვეტერანი ფეხბურთელები ალექსანდრე ჩივაძე, რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, ოთარ გაბელია, სერგო კუტივაძე, ოლიმპიური ჩემპიონი ქეთევან ლოსაბერიძე და პრიზიორები მაია აზარაშვილი, ნიკოლოზ დერიუგინი, ოთარ ქორქია, ასევე გულშემატკივრები და ჟურნალისტები დაესწრნენ.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გია გორგოძემ სტუმრებს იმ გამოცემების თუ ფილმების შესახებ უამბო, რომელიც სსჟა-ს ეგიდით მომზადდა, ხოლო ქართული სპორტის მუზეუმის მცველმა ლილი ლომსაძემ მუზეუმის საქმიანობა შეაჯამა და 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

სრულად ნახვა



სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაში განთავსებული ქართული სპორტის მუზეუმი წლეულს 50 წლის ხდება. ნახევარსაუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით მუზეუმი წლის მანძილზე სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლებს.

დღეს ქართული სპორტის მუზეუმში სახელოვანი ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის საუკუნოვანი იუბილე აღინიშნა: გამოიფინა მოთამაშის ფოტოები, დიპლომები, ჯილდოები, სხვადასხვა ნივთები და ექსპონატები.

„მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს იუბილე დაგეგმა და განახორციელა: სამინისტროს მესვეურებს, სპორტის მუზეუმის ხელმძღვანელებს... მიხარია, რომ ბაბუას იუბილე ასე კარგად და ლამაზად აღინიშნა", - განაცხადა ბორის პაიჭაძის შვილიშვილმა, უმცროსმა ბორის პაიჭაძემ.

ფოტოგამოფენის გარდა ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისის მოსწავლეებმა სტუმრებს ბორის პაიჭაძის შესახებ მომზადებული პროექტი წარუდგინეს. ბავშვებმა ფეხბურთელის კარიერა და მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები გაიხსენეს.

„მცირე ხნის წინ ჩვენმა სკოლამ ქართული სპორტის მუზეუმთან მემორანდუმი გააფორმა და დღევანდელი ღონისძიებაც მისი ეგიდით ჩატარდა. ვფიქრობ, ჩვენი ფეხბურთის ვეტერანებიც და ყველა აქ მყოფი კმაყოფილი დარჩა დღევანდელი იუბილეთი", - განაცხადა ბაქსვუდის სკოლის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ ჯავახიშვილმა.

ბორის პაიჭაძისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები, ოჯახის წევრები, ვეტერანი ფეხბურთელები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები დაესწრნენ.

დღესვე ქართული სპორტის მუზეუმის მცველს ლილი ნემსაძეს გულშემატკივრმა დავით ნანიტაშვილმა საჩუქრად გადასცა საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელების ავტოგრაფებით დამშვენებული ბურთი, რომელიც მის ოჯახში 30 წელი ინახებოდა.

„ჩვენი მუზეუმი წლეულს ნახევარსაუკნოვან იუბილეს ზეიმობს. ამ თარიღთან დაკავშირებით არაერთი მიღება თუ ღონისძიება დავგეგმეთ. დღევანდელი იუბილეც სწორედ ამ თარიღის ეგიდით გავმართეთ", - განაცხადა ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორმა ნანა მიქაძემ.

სრულად ნახვა



ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ქართული სპორტის მუზეუმს საკუთარი მაისური უსახსოვრა

15 მაისს, ქართული სპორტის მუზეუმს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მოთამაშე ნიკოლოზ ცქიტიშვილი ეწვია და „გოლდენ სტეიტის" 20 ნომრიანი მაისური გადასცა, სადაც 2004-2005 წლების სეზონში თამაშობდა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მდებარე მუზეუმს ასევე სტუმრობდნენ ახალგაზრდა სპორტსმენები და ლატვიელი ვეტერანი კალათბურთელები, რომლებიც საქართველოში რამდენიმე დღით ჩამოვიდნენ და ქართველ დამსახურებულ კალათბურთელებთან ამხანაგური მატჩიც გამართეს.

ნიკოლოზ ცქიტიშვილმა და ვეტერან სპორტსმენებთან ერთად მუზეუმში თავმოყრილი ექსპონატები დაათვალიერა: ქართველი სპორტსმენების მოგებული მედლები, ფასდაუდებელი თასები, სიგელები და სხვადასხვა ტიტულები.

სრულად ნახვა



ქართული სპორტის მუზეუმს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაცია ესტუმრა

13 მაისს ქართული სპორტის მუზეუმსს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის მეცნიერების, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის დელეგაცია ესტუმრა.

ჩეხი და ქართველი სპორტსმენების საქმიანი და მეგობრული ურთიერთობის პატივსაცემად, მუზეუმში მისული სტუმრებისთვის სპორტსაზოგადოება „შევარდენის“ ფოტოგამოფენა მოეწყო.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მდებარე მუზეუმში ჩეხ დამთვალიერებლებს თითქმის საუკუნისწინანდელ საფოსტო ბარათები, უნიკალური ფოტომასალას, სანოტო რვეულები, სამკერდე ნიშნები და ჟურნალ „შევარდენის" პირველი და უკანასკნელი გამოცემები გააცნეს.

ქართველებისა და ჩეხების სპორტულ კავშირს საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნის მიწურულს, როდესაც ჩეხური ტანვარჯიშული საზოგადოება „სოკოლის“ წარმომადგენლების მიერ საქართველოში „შევარდენი“ დაარსდა.

სრულად ნახვა



ევროპის დღეზე მუზეუმმა ისტორიული ექსპონატები წარმოადგინა

10 მაისს ეთნოგრაფიულ მუზუმში დაგეგმილ ევროპის დღეზე „ქართული სპორტის მუზუმმა“ ისტორიული ექსპონატები წარმოადგენა.

დამთვარიელებლებისთვის გამოფენილი იყო სხვადასხვა სპორტის სახეობებში მოპოვებული ჯილდოები: ევრაზიის თასი კარატეში (2014 წ.), სიუდად დე ფინფას თასი (1976 წ.), საქართველოს ხელბურთელთა მიერ საფრანგეთში აღებული თასი „ფრანგული მამალი“ (1979 წ.), ჭადრაკში ევროპის ჩემპიონის ზ. აზმაიფარაშვილის თასი (2013 წ.) და სხვა.

ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატების გასაცნობად მოსულ დამთვარიელებლებს შორის იყვნენ სტუმრები ჩეხეთის საელჩოდან, რომლებმაც მომავალში მუზეუმთან თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების სურვილი გამოთქვეს.

სრულად ნახვა