ქართული სპორტის მუზეუმი



სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ქართული სპორტის მუზეუმის მიერ გამოცემული წიგნის - „დიდი გამარჯვების 55 წლის იუბილე" - პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი თბილისის დინამოს კალათბურთელთა უდიდეს გამარჯვებაზე, 1962 წლის 29 ივნისს მოგებულ ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასზე, მასთან დაკავშირებულ ამბებზე მოგვითხრობს.

55 წლის წინ დინამოელებმა მთავარი საკალათბურთო ევროტურნირის ფინალში მადრიდის რეალს 90:83 სძლიეს. გადამწყვეტი შეხვედრა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა. 48-გვერდიან წიგნში თავმოყრილია ჩემპიონთა თასის მოგებასთან დაკავშირებით ქართულ სპორტულ პრესაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული წერილები, ასევე ის იშვიათი ფოტომასალა, რომელიც 55 წლის წინანდელ ფინალს ეხება.

ღონისძიებას დინამო 1962-ის ერთ-ერთი წევრი ამირან სხიერელი (იმ შემადგენლობიდან ჩვენ შორის მხოლოდ ის და ლევან მოსეშვილი არიან), სხვადასხვა თაობის ვეტერანი კალათბურთელები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილეები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, საკალათბურთო კლუბ თბილისის დინამოს პრეზიდენტი ვახტანგ ნაცვლიშვილი და მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია, ასევე გულშემატკივრები დაესწრნენ.

„ბოლო ხანებში ძალიან განებივრებულნი ვართ კარგი გამოცემებით... ქართული სპორტის მუზეუმმა მშვენიერი წიგნი მიუძღვნა თბილისის დინამოს უდიდეს გამარჯვებას და მინდა მადლობა გადავუხადო მუზეუმს, მის ხელმძღვანელებს ასეთი კარგი საჩუქრისთვის. რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა ჩვენს ძვირფას კალათბურთელებს - ჩემპიონთა თასის მოგებით ისინი ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერნენ. სიმბოლურია, რომ ჩვენი კალათბურთის სულ ბოლო გამარჯვება, ჩვენი ეროვნული ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას ჩემპიონობას ვგულისხმობ, დინამოელთა დიდებული ტრიუმფის 55 წლის იუბილეს დაემთხვა. ჩვენი ახალგაზრდა კალათბურთელების შემხედვარე, მჯერა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ნაკრები არაერთი დასამახსოვრებელი წარმატებით გაგვახარებს"! - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

თბილისის დინამოს პრეზიდენტმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა მინისტრს 1962 წლის 29 ივნისის ფინალური მატჩის ოქმი გადასცა, რომელიც ტარიელ ხეჩიკაშვილმა, თავის მხრივ, ქართული სპორტის მუზეუმს უსახსოვრა.

„ქართული სპორტის მუზეუმი ცდილობს გულშემატკივარს ყველა გამორჩეული თარიღი შეახსენოს და ეს წიგნიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. 1962 წლის 29 ივნისს დინამოელებმა უდიდესი გამარჯვება იზეიმეს და მიუხედავად იმისა, რომ იმ ტრიუმფის შესახებ ცოტა მასალა მოგვეპოვება, ვეცადეთ და მგონი, კარგი წიგნიც გამოვეცით. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას ყველა ჩვენი კარგი წამოწყების მხარდაჭერისთვის, ასევე ამ წიგნის ავტორს ლაშა გოდუაძეს, რომელთან ერთად რამდენიმე კარგი პროექტი განვახორციელეთ. და დიდი მადლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიო-რადიო ფონდს იმ სიურპრიზისთვის, რასაც 55 წლის წინანდელი რადიოჩანაწერის აღმოჩენა ჰქვია", - განაცხადა ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორმა ნანა მიქაძემ.

იმ ფინალიდან მხოლოდ სამი ფოტოა შემონახული. საგულისხმოა, რომ ისინი, ასევე ფინალის ოქმი, ქართველმა მწერალმა დათო ტურაშვილმა ესპანელი მეგობრების დახმარებით მოიპოვა ერთ-ერთ მადრიდულ არქივში. წიგნს ასევე თან ერთვის აუდიოდისკი, რომელზეც ჩაწერილია საქართველოს რადიოს მიერ 55 წლის წინ განხორციელებული რადიოჩართვა ჟენევიდან. ფინალის პერიპეტიებზე თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელი ოთარ ქორქია, გუნდის კაპიტანი გურამ მინაშვილი და ალექსანდრე კილაძე საუბრობენ, ასევე გასული საუკუნის პოპულარული საბჭოთა კომენტატორი ნიკოლაი ოზეროვი, რომელიც მატჩის რეპორტაჟს უძღვებოდა.

წიგნის შემდგენელია სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე. „დიდი გამარჯვების 55 წლის იუბილე" მისი და ქართული სპორტის მუზეუმის ერთობლივი მესამე გამოცემაა: 2015 წელს, მუზეუმის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით კატალოგი დაიბეჭდა, შარშან კი სპეციალური წიგნით აღინიშნა თასების მფლობელთა თასის მოგების 35 წლის იუბილე.

სრულად ნახვა



22 ივნისს, ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ ნბა-სა და ევროპის კალათბურთის ოპერირების მთავარი დირექტორი ნილ მეიერი, "ჟუნიორ ნბა"-ს წარმომადგენლები და სკალათბურთო სუპერლიგის დირექტორი გიორგი ზაბახიძე.
მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ნივთები: თასები, მედლები, ჯილდოები, და სხვა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძესთან ერთად, ნბა-სა და ევროპის კალათბურთის ოპერირების მთავარ დირექტორს ნილ მეიერს და "ჟუნიორ ნბა"-ს წარმომადგენლებს შორის შედგა შეხვედრა.შეხვედრას სკალათბურთო სუპერლიგის დირექტორი გიორგი ზაბახიძე და ასევე მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მხარეებს შორის შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა JR.NBA - GBF ლიგა" გახლდათ, რომელიც საქართველოში უკვე მეორედ ტარდება.

შეხვედრაზე შეჯამდა აღნიშნული ღონისძიების 2 სეზონი, რომელიც საქართველოში კალათბურთს კიდევ უფრო მასობრივსა და პოპულარულს ხდის. ტურნირში ქვეყნის მასშტაბით წელს უკვე 1000-მდე მოზარდია ჩართული.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: "ჩვენს ამერიკელ სტუმრებთან ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გავმართეთ. მოხარულები ვართ, რომ JR.NBA-ს ლიგა სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოში და ამ პროექტში, ჯამში უკვე 1000-ზე მეტი ბავშვია ჩართული. ჩვენი საერთო თანამშრომლობა იმდენად წარმატებულია, რომ სამომავლოდ დაგეგმილი გვაქავს პროექტი კიდევ უფრო მასობრივი გავხადოთ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონი მოვიცვათ.

თანამშრომლობის ერთ-ერთი შემდეგი ეტაპი ნბა-ს აკადემიის ჩამოყალიბება იქნება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში კიდევ უფრი წარმატებული და ნიჭიერი ახალგაზრდების განვითარებას. ამ თაობის ახალგაზრდებს კი უკვე ნამდვილად მიეცემათ შესაძლობელობა ზაზა ფაჩულიას დონის წარმატებულ სპორტსმენებად ჩამოყალიბდნენ."

JR.NBA -GBF ლიგის" ფინალი 27 ივნისს გაიმართება. ფინალურ ეტაპზე JR.NBA ლიგის ხელმძღვანელობამ უზრუნველყო 450 ბავშვისთვის ნბა-ის გუნდების მაისურები და ბურთები, საქართველოს მასშტაბით პირველად გაკეთდა კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად ვებ-გვერდი www. jrnbaleague.ge 2005-2006-2007 წელს დაბადებული ბავშვებისთვის, სადაც მომხმარებელს ჩემპიონატის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება შეუძლია.

ლიგის ფინალზე საქართველოში ჩამოდიან ნბა-ს მოთამაშეები, აგრეთვე საქართველოში პირველად წარსდგებიან შოუ-ბატუტის ცნობილი შემსრულებლები.

„JR.NBA - GBF ლიგის" მხარდამჭერები არიან კალათბურთის რეგიონალური ფედერაციები და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

სრულად ნახვა



27 მაისს, ქართული სპორტის მუზეუმი შეუერთდება საქართველოს მუზეუმების ერთობლივ აქციას „ღამე მუზეუმში“.

სტუმრებმა დაათვალიერეს მუზეუმში დაცული ექსპონატები, გაეცნენ სპორტის ისტორიას და ნახეს ქართულ სპორტზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

სრულად ნახვა



19 მაისს , ქართულის სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ სკოლა ლიცეუმი "სხივი"- ის VI- VII კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგები:ია მამულაშვილი და ხათუნა აიაზოვა. მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები,მედლები და თასები. მუზეუმის მესვეურებმა ბავშვებს მოუწყეს შეხვედრა ჯომარდობის პრეზიდენტ დავით ქაცარავასთან..მან გაუზიარა მოსწავლეებს მისი სპორტული ცხოვრება,თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული სპორტსმენი. მოსწავლეებმა მიიღეს ბ-ნ დავითისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები.ვფიქრობთ,რომ დღევანდელი დღე მათთვის სპორტული ცხოვრების წესის გაუმჯობესების სტიმული იქნება.

სრულად ნახვა



სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის გამარჯვებულ ნანა ძაგნიძეს ქართული სპორტის მუზეუმში უმასპინძლა.

დიდოსტატი ნანა ძაგნიძე პირველი ქართველი მოჭადრაკე ქალია, რომელმაც კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიგო! ჩემპიონობისთვის განკუთვნილი თასი, ასევე კარიერის მანძილზე მოგებული ჯილდოები და მედლები ნანა ძაგნიძემ ქართული სპორტის მუზეუმს დროებით გადასცა.

ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის ლატვიის დედაქალაქ რიგაში 10-22 აპრილს გაიმართა. ტურნირში, რომელიც შვეიცარიული სისტემით - 11 ტური - ჩატარდა, 33 ქვეყნის 144 მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის რვა ქართველი. ნანა ძაგნიძემ ექვსი პარტია მოიგო, ხუთი ყაიმით დაასრულა, 8,5 ქულა დააგროვა და უძლიერესის ტიტული მოიპოვა.

„ჩემთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პირველად გავხდი ევროპის ჩემპიონი და ვეცდები ტიტული მომდევნო შეჯიბრებებშიც დავიცვა. წინ უფრო დიდი გამოწვევა, მსოფლიო პირველობა მელის და ახლა მთელი ჩემი ყურადღება სწორედ ამ ტურნირისკენაა მიმართული. მადლობა ბატონ მინისტრს, ჭადრაკის ფედერაციას, ჩემს მწვრთნელს ხვიჩა სუპატაშვილს მხარდაჭერისთვის, ხოლო სამინისტროსა და ქართული სპორტის მუზეუმს დღევანდელი დღისთვის", - განაცხადა ნანა ძაგნიძემ.

„ქალბატონი ნანას მასპინძლობა დიდი პატივია. ამ რამდენიმე დღის წინ მან ყველანი ძალიან გაგვახარა - ის ხომ პირველი ქართველი მოჭადრაკე ქალი გახდა, რომელმაც ესოდენ პრესტიჟული ტიტული მოიპოვა! მისი ეს ტრიუმფი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო საჭადრაკო ქვეყანაა. იმის გათვალისწინებით, რომ გაისად ჩვენი ქვეყანა უდიდეს საჭადრაკო ფორუმს - ოლიმპიადას უმასპინძლებს, ნანას ეს გამარჯვება კიდევ უფრო დასაფასებელია. საჭადრაკო ოლიმპიადას საქართველო ევროპის ჩემპიონის ტიტულით ხვდება, რაც არა მარტო ოლიმპიადის, ზოგადად, ქვეყნის შესანიშნავი რეკლამაცაა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ნანას ჩემპიონობას, მას, მის თანაგუნდელებს, მწვრთნელებსა და ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლებს კი უფრო დიდ წარმატებას და ახალ-ახალი მწვერვალების დაპყრობას ვუსურვებ, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინის საქართველოში დაბრუნებას", - განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„ნანამ მართლაც ყველანი ძალიან გაგვახარა, რისთვისაც მსურს საჯაროდ გადავუხადო მადლობა მას და მის მწვრთნელს, ბატონ ხვიჩა სუპატაშვილს. ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ ჩვენი მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებაა. დღევანდელი ფორმიდან გამომდინარე, ნანას უმაღლესი მიზნისთვის ბრძოლა ძალუძს და დარწმუნებული ვარ, ის ამ გამოწვევას კარგად გაართმევს თავს", - განაცხადა ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ.

ქალთა ევროპის პირველობა პირველად 2000 წელს ბათუმში გაიმართა. ქართველმა მოჭადრაკეებმა აქამდე ოქროს მედლის მოგება ვერ შეძლეს: სალომე მელია (2013 წელი) და ნინო ბაციაშვილი (2015) ვერცხლს დაეუფლნენ, მაია ჩიბურდანიძე (2000), ქეთევან არახამია-გრანტი (2001) და სალომე მელია (2014) კი ბრინჯაოს.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების სხვა წევრებს: ბელა ხოტენაშვილი 7,5 ქულით მე-10 ადგილზე გავიდა, დანარჩენების შედეგი კი ასეთია: ლელა ჯავახიშვილი - მე-18 (7 ქულა), მერი არაბიძე - 29-ე (6,5), სალომე მელია - მე-40 (6,5), სოფიო გვეტაძე - 43-ე (6,5), ნინო ბაციაშვილი - 49-ე (6), ნინო ხომერიკი - 73-ე (5,5).

სრულად ნახვა



დღეს ქართული სპორტის მუზეუმში სახელოვანი სპორტსმენების და გუნდებისადმი მიძღვნილი პირველი ფოტოკრებულის „ქართული სპორტის დიდი სახელები" პრეზენტაცია გაიმართა. 2017 წელი არაერთი მნიშვნელოვანი თარიღითაა გამორჩეული, ბევრი სპორტსმენის და რამდენიმე დიდი გამარჯვების იუბილე აღინიშნება. 55 წელი გავიდა საკალათბურთო თბილისის დინამოს მიერ ევროპის ჩემპიონთა თასის მოგებიდან; ასევე 55 წლის წინ მოიგეს თბილისის ბურევესნიკის ხელბურთელებმა საკავშირო ჩემპიონატი პირველად; 50 წელი გავიდა ავტორბოლაში თბილისის გრან პრის გათამაშებიდან; 80 წელი შეუსრულდებოდათ ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელებს მიხეილ მესხს, შოთა იამანიძეს და გივი ჩოხელს; ასევე 80 წლის გახდებოდა ფარიკაობაში ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი ნუგზარ ასათიანი; 60 წლის იუბილეს იზეიმებდნენ თასების მფლობელთა თასის 1980-1981 წლების გათამაშებაში გამარჯვებული თბილისის დინამოს ლიდერები რამაზ შენგელია და ვიტალი დარასელია; 50 წელი შეუსრულდებოდა 1983 წელს კანადის ქალაქ ედმონტონში, მსოფლიო უნივერსიადაზე დაღუპულ წყალში მხტომელს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონსა და თასის მფლობელს სერგო შალიბაშვილს... ამ თარიღებს ქართული სპორტის მუზეუმმა 16 ბარათისგან შემდგარი ფოტოკრებული მიუძღვნა. ფოტოები, რომელთა ავტორები სახელოვანი ფოტოგრაფები მიხეილ ზარგარიანი, ალექსანდრე კოტორაშვილი და სხვები არიან, სპორტის მუზეუმის ფონდებშია დაცული. „მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენი სახელოვანი სპორტსმენების ოჯახის წევრებო, ძვირფასო სტუმრებო. დღეს ქართული სპორტის მუზეუმის პირველი ფოტოკრებულის - „ქართული სპორტის დიდი სახელები" - პრეზენტაციაა. 2017 წელს არაერთი სახელოვანი ათლეტის იუბილეა და რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვების მრგვალი თარიღი აღინიშნება. ამ ალბომში, რომელიც თქვენ საჩუქრად გადმოგეცათ, სწორედ იუბილარი სპორტსმენების თუ გუნდების ფოტოებია თავმოყრილი. რომელი ერთი გავიხსენო? მიხეილ მესხი, ოთარ ქორქია, შოთა იამანიძე, გურამ მინაშვილი, კახი ასათიანი, ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია, არსენ მეკოკიშვილი, ავთანდილ ღოღობერიძე, მირიან ცალქალამანიძე, გივი ჩოხელი, საკალათბურთო თბილისის დინამო, ხელბურთის კლუბი ბურევესნიკი - ყველა მათგანი ჩვენი სპორტის ისტორიის განუყოფელი ნაწილია და უკლებლივ ყველას გამორჩეული ადგილი უჭირავს ქართული სპორტის ისტორიაში. ვიცი, რომ ამ ფოტოკრებულში მოხვედრას კიდევ არაერთი დიდებული სპორტსმენი იმსახურებდა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ქართული სპორტის მუზეუმის მესვეურები მომავალში მეორე, მესამე და მომდევნო ალბომების გამოცემასაც აპირებენ, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, დროდადრო ეს სერია სპორტის ყველა სახეობას და ყველა წარმატებულ ათლეტს მოიცავს. მსურს მადლობა გადავუხადო ქართული სპორტის მუზეუმს და ამ პროექტის ავტორებს ჩვენი სახელოვანი სპორტსმენების დაფასებისთვის, ამ ფოტოკრებულისთვის, ჩვენს თანამედროვე სპორტსმენებს კი წარმატებას და დიდ გამარჯვებებს ვუსურვებ"! - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. „ქართული სპორტის მუზეუმში ერთი ლამაზი ტრადიცია გვაქვს: ყოვეწლიურად მივაგებთ პატივს გამოჩენილ სპორტსმენებს, მწვრთნელებს და სპორტის მოღვაწეებს. წლეულს ამ დღის აღნიშვნა საფოსტო ბარათების გამოცემით გადავწყვიტეთ. მუზეუმის ფონდებში დაცული უამრავი საინტერესო და მნიშვნელოვანი ფოტოდან 19 გამოვარჩიეთ, თითოეულს კონკრეტული ამბავი და მონაცემი დავურთეთ და აი, ქართული სპორტის მუზეუმის პირველი, 16-ბარათიანი ფოტოკრებული თქვენს წინაშეა. ვიმედოვნებთ, რომ მოგეწონებათ", - განაცხადა ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორმა ნანა მიქაძემ. „გულშემატკივარს ბევრი დიდებული სპორტსმენი ახსოვს. რთული იყო ამ ბარათებში ყველას ჩატევა, ამიტომ, ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ: პირველ კრებულში იმ სპორტსმენთა ფოტოები შევიტანეთ, რომელთა იუბილე წლეულს აღინიშნა ან აღინიშნება. მაგალითად, ლეგენდარული მოჭიდავეები, ოლიმპიური ჩემპიონები არსენ მეკოკიშვილი და მირიან ცალქალამანიძე, ასევე ოლიმპიური ჩემპიონი, მოფარიკავე ნუგზარ ასათიანი, ფეხბურთელები: ავთანდილ ღოღობერიძე, გივი ჩოხელი, მიხეილ მესხი, შოთა იამანიძე, კახი ასათიანი, რამაზ შენგელია, ვიტალი დარასელია... ვიმედოვნებთ, გულშემატკივარი ქართული სპორტის მუზეუმის წამოწყებას დიდი ინტერესით და სიხარულით შეხვდება, ეს ფოტოკრებულები კი ტრადიციული გახდება", - ქართული სპორტის მუზეუმის მთავარმა მცველმა ქალბატონმა ლილი ლომსაძემ არაერთი საინტერესო ისტორია შეახსენა სტუმრებს. ღონისძიებას ოთარ ქორქიას, გურამ მინაშვილის, მიხეილ მესხის, რამაზ შენგელიას, ვიტალი დარასელიას და სხვა სახელოვანი სპორტსმენების ოჯახის წევრები, ოლიმპიური ჩემპიონები ნინო სალუქვაძე, გიორგი ასანიძე და კახი კახიაშვილი, ლეგენდარული მოჭადრაკე, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარებული ნონა გაფრინდაშვილი, თბილისის დინამოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე, სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელები და გულშემატკივრები დაესწრნენ. ქართული სპორტის მუზეუმის მესვეურთა გადაწყვეტილებით, ფოტოკრებულის გამოცემა ტრადიციული გახდება, ხოლო ყოველ წელს, ბრწყინვალე შვიდეულში, მუზეუმი მსგავსი ღონისძიებით პატივს მიაგებს იმ სპორტსმენთა ხსოვნას, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ქართული სპორტის ისტორიაში.

სრულად ნახვა



3 აპრილს,ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რაგბის წევრები და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე.
მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები,მედლები და თასები.დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.

დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, სან დიეგოს უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში კენ უოლშმა და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

მემორანდუმის მიხედვით, სამინისტრო დაეხმარება ახალგაზრდებს სპორტული ტურნირების გამართვაში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაციას; მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მისი პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებთან მენტორობის, სტაჟირების პროგრამების მიმართულებით.

მემორანდუმის ხელმოწერას სხვა სტუმრებთან ერთად ესწრებოდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რაგბის ნაკრები, რომელიც კალიფორნიიდან საქართველოში ამერიკის საელჩოს მოწვევით ჩამოვიდა. მორაგბეებმა აშშ-საქართველოს დიმპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი თამაში, ლელო არენაზე, 2 აპრილს გამართეს. კალიფორნიელმა მორაგბეებმა ქართულ სამოყვარულო კლუბ „დევებთან" ამხანაგური მატჩი გამართა.

სრულად ნახვა



27 მარტს, ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ კერძო სკოლა "ჯეჯილი" -ის VIII კლასის მოსწავლეები,მათი დამრიგებელი ნატო გვალია და სპორტის პედაგოგი გიორგი სილაგავა.
მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ნივთები,ექსპონატები,მედლები და თასები.

სრულად ნახვა



დღეს, ქართული სპორტის მუზეუმში ეტლით მოფარიკავეებს - ირმა ხეცურიანს და ნინა თიბილაშვილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მუზეუმის მესვეურებმა მიულოცეს ჯამარჯვება.
იტალიის ქალაქ პიზაში გამართულ ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიოს თასის გათამაშების ჩემპიონი ირმა ხეცურიანი გახდა.
ხეცურიანმა რაპირაში მოპოვებული ბრინჯაოს,ხმალში ოქროს მედალიც მიამატა და სამშობლოში ორი მედლით დაბრუნდა.ქართველმა პარასპორტცმენმა ფინალში მეტოქე დამაჯერებლად 15:4 დაამარცხა. ეს ირმა ხეცურიანის მეხუთე ოქროა კარიერაში.
აღსანიშნავია,რომ რაპირით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების კიდევ ერთი წევრი ნინი თიბილაშვილიც.

სრულად ნახვა



დღეს, ქართული სპორტის მუზეუმში ესტუმრნენ 207-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგები.
მუზეუმის მესვეურებმა და სკოლის პედაგოგებმა მოუწყვეს ბავშვებს მოჭადრაკე ნანა იოსელიანთან შეხვედრა,ქ-ნ ნანამ გაუზიარა ბავშვებს სპორტული ცხოვრება,თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული მოჭადრაკე.მოსწავლეებმა მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები და ვფიქრობ,რომ დღევანდელი დღე მათთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება.
მერიის პროექტის ინტელექტუალური სკოლის პროექტის ფარგლებში სპორტის პედაგოგ მზევინარ თავდგირიძის და კლასის დამრიგებელ ლია რატიანის თაოსნობით მოსწავლეებმა ნანა იოსელიანს მიულოცეს 55 წლის იუბილე და თავიანთი ხელნაკეთი საჩუქრები გადასცეს.

სრულად ნახვა


Назад Вперед
Наверх